შსს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის ცნობით კლუბ „ვიტამინის“ თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის პროცესში მოხდება მხარეთა და ფაქტის შემსწრე პირების გამოკითხვა.
7 ივლისს კლუბ „ვიტამინის“ თანამშრომელმა ლიკა კიკიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუს ტბაზე, კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელმა სცემა. ლიკა კიკიანმა ვიდემომირთვა სოციალურ ქსელში ატვირთვა.
კიკიანის თქმით, მას სამართალდამცავებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და დაუმტვრიეს ტელეფონი. მანვე განაცხადა, რომ პოლიციელებმა სცემეს ის პირებიც, ვინც მისი დახმარება სცადა.
"ტელეფონის ამოღება ვცადე, დასარეკად – წამართვეს. მირტყამდნენ და მაისური შემომახიეს. ვკიოდი, ვამბობდი, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ. ისიც კი ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი, ვიფიქრე, რომ შემეშვებოდნენ, მაგრამ საპასუხოდ გინება მივიღე. წიხლი ჩამარტყა რომელიღაცამ, რომელიც ახლაც მტკივა. შემდეგ არაფერი მახსოვს. ხელიდან ხელში მათრევდნენ. შიგადაშიგ მათი გინება და ფრაზები მესმოდა", - განაცხადა კიკიანმა.
მისი თქმით, ის პოლიციიდან ხელწერილით გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც პოლიციაში მისი კლუბის ხელმძღვანელი მივიდა.
კლუბ „ვიტამინის“ თანამშრომლის თქმით, მოძალადე პოლიციელები ვაკის განყოფილებაში მუშაობენ. მან დაასახელა მათი მანქანის ნომერიც.