გორი, დუშეთი და ხაშური ხვალიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. დილიდან ამ ტერიტორიებზე ანალოგური მაუწყებლობა გაითიშება.
ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის შემდეგ კი იმ მოქალაქეებს, რომლებიც ტელევიზორში ქართულ არხებს ე.წ. ანტენებით უყურებდნენ მოუწევთ სპეციალური მოწყობილობა შეიძინონ.
მოწყობილობის ფასი 55 ლარიდან იწყება. როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამბობენ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის აღნიშნული მოწყობილობა სახელმწიფომ შეიძინა და მათ შეუძლიათ მოწყობილობებს ფოსტის ფილიალებში მიაკითხონ.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ასევე ამბობენ, რომ გორში მოწყობილობების მარაგი არის და მოქალაქეებს მისი შეძენა თავისუფლად შეეძლებათ.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ ბანკები მოსახლეობას გრძელვადიან და საშეღავათო პირობებით განვადებასაც შესთავაზებენ, რათა მოახდინონ შეძენა ამ მოწყობილობის,"- აცხადებს "კურიერთან" საუბრისას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილი.