ლიკა კიკიანი, რომელიც მის ცემაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს, დღეს გენერალურ ინსპექციას და პროკურატურას მიმართავს. ის შემთხვევის ადგილზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი, სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო მასალის, მისთვის გადაცემას ითხოვს. ამ მიზნით ლიკა კიკიანი ადვოკატთან ერთად კუს ტბის ტერიტორიაზე გვიანობამდე ელოდებოდა გენინსპექციის წარმომადგენლების მისვლას, რათა ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოეღოთ და მისთვის გადაეცათ, თუმცა ისინი კუს ტბაზე არ მისულან.
ვიდეომასალებთან დაკავშირებით ადგილზე კუს ტბის უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და კიკიანის ახლობლებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. როგორც დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მათ განუმარტეს, არ ჰქონდათ წვდომა კომპიუტერულ სერვერებთან, სადაც ეს ვიდეოჩანაწერები ინახება, შესაბამისად, ვერც გადასცემდნენ. მთელი დღის განმავლობაში კი კიკიანს აიმედებდნენ, რომ მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველ მასალებს მიიღებდა.
ლიკა კიკიანის ვარაუდით, სამართალდამცველები დროს შეგნებულად აჭიანურებენ იმისათვის, რომ ჩანაწერები ავტომატურ რეჟიმში წაიშალოს და მისი ამოღება ვერ მოხერხდეს. ჩანაწერების ავტომატურად წაშლის ბოლო ვადა დღეს საღამოს 17:00 საათია. კუს ტბის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა კი "კურიერის" ჟურნალისტთან განაცხადა, რომ ორივე სერვერიდან, რომელზეც ჩანაწერები ინახებოდა, მასალები კრიმინალურმა პოლიციამ უკვე ამოიღო.