ლიკა კიკიანის საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმის განხილვა გუშინ თავად კიკიანის ინიციატივით დაიწყო.
აპარატის სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი ეკა ხუციშვილი ამბობს, რომ საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.
"პირის განცხადება მის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობის თაობაზე შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–100 მუხლის შესაბამისად, გამოძიების დაწყების ვალდებულებას აწესებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე საქმეში, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებში, არაერთხელ აღნიშნა გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ეფექტიანი გამოძიების ერთ–ერთი კრიტერიუმის – დამოუკიდებლობის დარღვევად შეაფასა ერთი უწყების მიერ მისივე თანამშრომლის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტის გამოძიება," -აცხადებს ომბუდსმენის აპარატის სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი ეკა ხუციშვილი.