13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგულების ოჯახის წევრები ხელისუფლებისგან კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ და მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
სტიქიის ღამეს დაკარგულების, ბექა ბუთურიშვილისა და სერგი კაპანაძის ოჯახის სახელით დღეს განცხადება ბუთურიშვილის ძმამ გააკეთა.
სტიქიიდან 1 თვის შემდეგ დაკარგულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ არცერთი სამთავრობო უწყება არ დაკავშირებიათ და სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობის გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
დაკარგულთა ოჯახის წევრებმა განცხადებები შსს-სა და მერიაში შეიტანეს. სამძებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისინი პროკურატურას საგამოძიებო მოქმედებების დასაწყებად საგანგებო განცხადებით მიმართავენ.
13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგულების ძებნა ამ დროსათვის ”ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მაშველები 33 წლის ბექა ბუთურიშვილს, 30 წლის სერგი კაპანაძესა და 54 წლის ელიზბარ ბაღაშვილს ეძებენ.
ავტორები: ნინო სამყურაშვილი, ეკო მაღრაძე.