შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ სამართალდამცველების ბრალეულობა გამოიკვეთოს. თალაკვაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი კანონის შესაბამისად დაისჯებიან.
უწყების მიერ ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში კი მოქალაქე ლიკა კიკიანის მიერ გაჟღერებული ყველა ბრალდება კატეგორიულად უარყვეს.
იმის დასტურად, რომ ვაკის პოლიციის თანამშრომლებს კიკიანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, სამინისტრომ სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ფრაგმენტები და გენერალური ინსპექციის ოფიციალური მოკვლევაც გაავრცელა.
გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიების გამო, უწყება კრიტიკის ობიექტი გახდა არასამთავრობო სექტორის მხრიდან.
ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დადებულმა დასკვნამ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.
ინტერესთა კონფლიქტის გამო, საქმის თავიდანვე პროკურატურისთვის გადაცემის აუცილებლობაზე განცხადება სახალხო დამცველმაც გააკეთა.
6 ივლისს კუს ტბაზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება პროკურატურამ გუშინ დაიწყო.
ავტორები: ქეთი ნადიბაიძე.