13 ივნისს სტიქიის დროს დაღუპული დავით გაბიტაშვილის ოჯახი მარჩენალდაკარგული ბავშვებისათვის სრულწლოვნებამდე სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ითხოვს.
რუსთავი2 დაინტერესდა, მოხდება თუ არა მარჩენალდაკარგული ბავშვებისთვის სრულწლოვნებამდე კომპენსაციის გადახდა და პასუხის მისაღებად მთავრობას წერილით მიმართა.
კურიერისთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ დაზარალებულთა კომპენსაციის წესი შემუშავებულია დედაქალაქის მერიის და დამტკიცებულია თბილისის საკრებულოს მიერ.
„თბილისის მერია, პრემიერის მიმართვის საფუძველზე, ინდივიდუალურად სწავლობს თითოეული გარდაცვლილის ოჯახის საქმეს, რათა დაზარალებულებმა სახელმწიფოსგან მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღონ. დაღუპულთა ოჯახებს უკვე გადაეცა კომპენსაციის ნაწილი. ასევე, ინდივიდუალურად მიმდინარეობს მათი ოჯახების მდგომარეობის შესწავლა და მათთვის დამატებითი საკომპენსაციო პაკეტის შემუშავება.
სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია თითოეულ დაზარალებულზე ზრუნვა და ამიტომ, როგორც მთავრობა, ასევე თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს ზარალის მაქსიმალური კომპენსაციისთვის. ასეთივე მიდგომა იქნება ამ კონკრეტული საქმის მიმართ და ყველაფერი გაკეთდება გარდაცვლილის ოჯახის, მისი შვილების დასახმარებლად,” - ნათქვამია განცხადებაში.