რამდენიმე წუთის წინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სუპერ თასის ბილეთები მიიტანა.
ბილეთების გაყიდვა ზუსტად 09:00 საათზე დაიწყება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
უკვე მესამე დღეა ვაკის პარკში მატჩზე დასწრების მსურველები იკრიბებიან და სპეციალურ სიებს ადგენენ. მათ ადგილზე კარვებიც გაშალეს და მორიგეობა დააწესეს. გულშემატკივრები სიას დღის განმავლობაში რამდენჯერმე კითხულობდნენ.
სიების შდგენაზე და რიგის დაკავებაზე პირველივე დღიდან კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და მოუწოდა გულშემატკივრებს, რომ ბილეთების შეძენა მხოლოდ ცოცხალი რიგის მეშვეობით მოხდებოდა და წინასწარ სიების შედგენას აზრი არ ჰქონდა.
სიჭინავას განმარტების მიუხედავად გულშემატკივრები პარასკევის შემდეგ ვაკის პარკში იკრიბებოდნენ და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა.