ხათუნა ბენიძის ოჯახმა 5 ათას 900 დოლარი 6 თვის წინ მის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად საბუთების მომზადებაში გადაიხადა. მიუხედავად ამისა ის თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდა და დღემდე საქართველოში რჩება. მას არც ფულს უბრუნებენ და არც პასპორტს.
აფხაზეთიდან დევნილი ხათუნა ბენიძე ოჯახთან ერთად წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმში ცხოვრობს. მან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა გაუსაძლისი ეკონომიური მდგომარეობის გამო გადაწყვიტა. მამამისმა რეზო ბენიძემ ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ ოფისს მიაკითხა.
როგორც რევაზ ბენიძე ამბობს, ვინმე კახაბერ როხვაძე მას ისრაელში 5 წლიან სამუშაო ვიზას დაჰპირდა. თავდაპირველად მას 2 ათას 500 დოლარი, საბოლოოდ კი 5 ათას 900 დოლარი გადაახდევინეს.
ამ თანხის ასაღებად ბენიძეებმა სახლი იპოთეკით დატვირთეს, ასევე წინასწარ აიღეს სოციალური დახმარება და მარჩენალდაკარგული არასრულწლოვნების თანხა. ახლა შუქის ფულსაც ვერ იხდიან, დიდი ხანია გათიშული აქვთ ელექტროენეგრია.
როდესაც ბენიძეები მიხვდნენ, რომ ატყუებდნენ მათ როხვაძეებთან განხორციელებული ყველა სატელეფონო საუბარი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ მობილურ ტელეფონზე ჩაწერილი იყო, სამართალდამცველებს გადასცეს.
„პოსტსკრიპტუმმა“ ინფორმაციის მიღება პროკურატურისგან და შსს-სგან სცადა, სადაც განაცხადეს, რომ არასაკმარისი მასალების გამო პროკურატურამ ეს საქმე თაღლითობად არ მიიჩნია.
ბენიძეების ოჯახი ერთადერთი არ არის, ვისაც როხვაძეებთან და მის თანამზრახველებთან პრეტენზიები აქვთ, თუმცა მიუხედავად ამისა ოფისი მუშაობას დღემდე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ავტორი:გვანცა სუთიძე