საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ~წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას~ - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა შესრულდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.
წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია. ამდენად, დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.