საქართველოს ხელისუფლება ორ ოკუპირებულ სოფელში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას აპირებს დიპლომატიური კორპუსისთვის.
დისევსა და კულდითში ქართველების მიტოვებული სახლები გუშინ დაიწვა. ცეცხლი მოედო ასევე ტყის მასივსა და სასაფლაოს. ერთ-ერთი ვერსიით ხანძარი თივიდან გაჩნდა, თუმცა ამის არ სჯერათ მოსაზღვრე ქართულ სოფელში - გუგუთიანთ კარში.
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სოფელში ვარაუდობენ, რომ დისევსა და კულდითში ცეცხლი შეგნებულად გააჩინეს ქართული კვალის წასაშლელად.
გუგუთიანთ კარში მობილიზებული იყო სახანძრო ჯგუფები, თუმცა მათი ჩართვა არ გახდა საჭირო.