საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, რაჭველების მთავარი პრობლემა სოციალურ-ეკონომიკურია. ადგილობრივები სამუშაო ადგილების არქონაზე, ეკონომიკურ პრობლემებსა და დაბალ პენსიაზე საუბრობენ.
რაჭაში ამბობენ იმასაც, რომ ამ პრობლემებიდან გამომდინარე, რაჭას ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს.
რაჭველები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ონსა და ამბროლაურში ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროექტები გაჩერებულია.
საუბარია გაზის მილზე, რომელიც ხვანჭკარა-ჭრებალოს მიმართულებით გაყვანილია, თუმცა გამრიცხველიანების პროცესი დაწყებული არ არის.
რაჭველები ხუმრობენ, რომ აქვთ გაზის მილი და არ აქვთ თავად ბუნებრივი აირი.
"სააკაშვილის დაწყებული საქმე ოცნებამ ჩაიბარა და ვერ გააგრძელა. მილი გვაქვს, გაზი - არა. არ მივცემთ მაგათ ხმას. როდისღა უნდა გააგრძელონ ეს სამუშაოები?" - კითხულობენ რაჭველები.
რაჭველები ამბობენ, რომ ისინი მთავრობამ მოატყუა. უკეთესობას ელოდებოდნენ, მაგრამ უარესობაში აღმოჩნდნენ.
რაჭველები ამბობენ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად არის მწყობრიდან გამოსული.
ავტორი: ეკა გაგუა