რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ზოლის გაფართოებას გმობს სამოქალაქო სექტორი და სახელმწიფოს ყველა შესაძლო ეფექტური ზომის მიღებისკენ მოუწოდებს - განცხადებას "საია" ავრცელებს.
მასში ნათქვამია, რომ 11 ივლისს ორჭოსანში ე.წ. გამყოფმა ხაზმა 300 მეტრით, ხოლო წითელუბანი-ხურვალეთის ტერიტორიაზე დაახლოებით კილომეტრ ნახევრით გადმოიწია.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირველად მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთი.
ახალგაზრდა იურისტები მოუწოდებენ ხელისუფლებას შექმნას ერთიანი ბაზა საოკუპაციო ზოლის გაფართოების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, საოკუპაციო ზოლში მოქცეული მიწებისა და საცხოვრებელი სახლების ზუსტი ოდენობის დასადგენად.
აღნიშნულ საკითხზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ.
„ხელისუფლების საქმიანობა არის არაეფექტური და არაკოორდინირებული. დღემდე არ არსებობს ერთიანი ბაზა, სადაც ხელისუფლებას ექნება აღრიცხული ის ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.