გლდანში აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლები უყურადღებობაში „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ადანაშაულებენ. დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში გაზის სუნის გამო, კომპანიაში არაერთი სატელეფონო შეტყობინება დატოვეს, თუმცა მათი თქმით, რეაგირება კომპანიას არ მოუხდენია.
„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ დაზარალებული მოსახლეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაცის არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გაზმომმარაგებელ კომპანიაში შეტყობინება პირველად გუშინ შევიდა, თუმცა არ აკონკრეტებენ შეტყობინების შესვლისა და ადგილზე ტექნიკური ჯგუფის მისვლის დროს.
„ყაზტრანსგაზში“ იმ ბინაში მცხოვრებმა გოგონამ დარეკა, სადაც აფეთქება მოხდა. ის დამწვრობის ცენტრში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და საუბარი არ შეუძლია. აფეთქების დროს დაშავებული კიდევ ერთი გოგო ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რეანიმაციაშია.
აფეთქება გლდანში გუშინ მოხდა. შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. გამოძიება 240 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი