უშიშროების საბჭოს მდივანს კანცელარიის შენობა დაატოვებინეს - აპარატმა კანცელარიის შენობა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილი წერილის შემდეგ დატოვა. ადმინისტრაციის უფროსის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ კანცელარიაში მხოლოდ ის უწყებები უნდა დარჩეს, რომლებიც პრემიერისა და მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არიან.
უშიშროების საბჭოს მდივანს კი მთავრობის ადმინისტრაციამ კანცელარიის სანაცვლოდ ათონელის რეზიდენციაში მუშაობა შესთავაზა. ირინა იმერლიშვილმა თავდაპირველად მთავრობის შეთავაზება მიიღო, თუმცა მოგვიანებით ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე უარი განაცხადა.
ათონელის რეზიდენციის ნაცვლად, ირინა იმერლიშვილის გადაწყვეტილებით, უშიშროების საბჭო პრეზიდენტის რეზიდენციაში გადავიდა.
ამ დროისათვის აპარატი თითქმის სრული შემადგენლობით მუშაობას ავლაბრის რეზიდენციაში აგრძელებს.
ავტორები: ეკო მაღრაძე, თემურ ვარაზანაშვილი, ვალერ ქველაძე, ქეთი ჯაფარიძე