ქუთაისის მერია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს არ აძლევს უფლებას ქალაქში კონცერტი ჩაატაროს. ღონისძიება ქუთაისში ხვალ უნდა გამართულიყო. ანალოგიური კონცერტი უკვე გაიმართა გორში, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო.
ჩვენი კონცერტის ანონსი უკვე ერთი კვირაა ტელე ეთერში გადიოდა და ღონისძიება ქუთაისის ვიცე-მერთან ნოდარ მიქიაშვილთან იყო შეთანხმებული. თუმცა, დღეს ქუთაისის მერიამ წერილი გამოაგზავნა, რომელშიც საუბარია უარის მიზეზებზე.
"მოგახსენებთ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მიმდებარე ქუჩების მონაკვეთბზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქუჩის შეკეთებითი და მოპირკეთებითი სამუშაოები, ასევე ცენტრალურ მოედნამდე მისასვლელი ზოგიერთი ქუჩის მონაკვეთებზე დაწყებულია მოსახლეობის სასმელი წყლისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის მასშტაბური პროექტების მშენებლობა. ყოველივე ამის გამო საგზაო მოძრაობის ნაკადი, ძირითადად გადის ცენტრალური მოედნის გავლით, რითაც უზრუნველყოფილია ქალაქის მოსახლეობის ავტობუსებითა და სამარშრუტო მიკროავტობუსებით გადაადგილება.
ამდენად, ამ ეტაპზე დაიტვირთოს ცენტრალური მოედანი სხვადასხვა ღონისძიებებისა და კონცერტების გასამართად და ამისათვის ჩაიკეტოს ქალაქის ეს პერიმეტრი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია," ნათქვამია "რუსთავი 2"-სათვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.