ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იყო თავიდან სიტყვიერი თანხმობა ღონისძიების ჩატარებაზე, მოგვიანებით კი რატომ მოვიდა წერილობითი უარი. მისი განმარტებით, ქალაქის მერისთვის ეს საკითხი უცნობია.
„მერი ამაზე რეაგირებას მოახდენს, რა თქმა უნდა თუ ვინმემ განაცხადა თანხმობა, რადგან ქალაქის მერის ოფიციალური წერილი, რომელიც უკვე დაფიქსირებულია „რუსთავი 2“-ში, არის ის, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი ღრმა პატივისცემისა თქვენი კომპანიის მიმართ, ამ ეტაპზე კონცერტი ვერ ჩატარდება,“- განმარტა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით ქუთასის მერი თავიდანვე იყო ინფორმირებული მთავარ მოედანზე „რუსთავი 2“-ის კონცერტის გამართვის თაობაზე.
ფოტომასალაში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა, კარგად ჩანს თუ როგორ არის ჩართული ქუთაისის ვიცე-მერი კონცერტის საორგანიზაციო საკითხებში „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებთან ერთად.