თბილისში ოლიმპიური ცეცხლი პრემიერმა ღარიბაშვილმა აანთო და განაცხადა, რომ "თბილისი მზად არის, ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს".
ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გუშინ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურმა ოლიმპიური ცეცხლი ჩირაღდნიდან დიდ თასში აანთო.
ჩირაღდანი პრემიერს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, გადასცა, რომელიც ბოლო მეჩირაღდნე იყო.
ოლიმპიური ცეცხლის თავისუფლების მოედანზე მიტანის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა იქ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ფესტივალი, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს, გამორჩეული სპორტული ღონისძიებაა.
"მინდა ყველას მოგილოცოთ ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა ჩვენს დედაქალაქში. დღეს არის საოცარი დღე. ზუსტად ორი თვის წინ, ჩვენთვის, ყველასთვის საამაყო და სიმბოლურ დღეს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოლიმპიურ დედაქალაქ ათენში აინთო ცეცხლი, რომელიც ჩვენი დედაქალაქისთვის იყო განკუთვნილი. ამ ცეცხლმა 67 მუნიციპალიტეტში 700 მეჩირაღდნესთან ერთად შემოიარა მთელი საქართველო. მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და მის ხელმძღვანელ ლერი ხაბელოვს, ქალაქის მერს, დავით ნარმანიას, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ახვლედიანს, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს. მინდა განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს მოხალისეებს და მადლობა ვუთხრა მათ, რომ ორი თვის განმავლობაში მათთან ერთად მთელი საქართველო შემოიარა ოლიმპიურმა ცეცხლმა. ზუსტად 9 დღეში ჩვენი დედაქალაქი უმასპინძლებს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ოლიმპიურ ფესტივალს და თბილისი არის მზად, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. მინდა ჩვენს საამაყო სპორტსმენებს ვუსურვო წარმატებები. მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად ძალიან ბევრ ოქროს მედალს მოვიპოვებთ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.