სამეგრელოს ორ მოსაზღვრე სოფელში, ორსანტიასა და კოკში გაზიფიცირების სამუშაოები ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში დასრულდა, თუმცა ბუნებრივი აირის მოსახლეობამდე მიყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება და შემოწმებაზე მოსულ ინჟინრებსაც გაზის გაშვების ნაცვლად მილსადენის ხელახლა შეკეთება უწევთ.
მილსადენი რამდენიმე ადგილას შეუკეთებიათ თბილისის მერის დავით ნარმანიას სოფელ კოკშიც.
სამუშაოები კომპანია ბილდინგ დეველოპერმა შეასრულა, დამკვეთმა, გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიამ ორსანტიაში მილსადენი გასული წლის 3 დეკემბერს, კოკში კი 8 დეკემბერს ჩაიბარა. ცოტა ხნით ადრე, ნოემბერში გაზსადენი შპს გაზუნივერსალმა შეამოწმა, თუმცა თანხა მას არა დამკვეთმა, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, არამედ თავად მშენებელმა - ბილდინგ დეველოპერმა გადაუხადა. დასკვნის მიხედვით მილსადენები ექსპლუატაციისთვის მზად იყო.
ქონების მართვის სააგენტოს 6 თვე დასჭირდა, რომ გაზსადენი სოკარისთვის გადაეცა, ხელშეკრულება ზუგდიდში ჩვენი გადამღები ჯგუფის ჩასვლიდან მესამე დღესვე გაფორმდა. სოკარს დამატებითი ხარჯების გაღება უწევს, რადგან ამ რეგიონის მაცხოვრებლებს მან ბუნებრივი აირი გაზქურამდე უფასოდ უნდა მიუყვანოს.
სოფლებისთვის ნაჩუქარი გაზი ცენტრალურ ბიუჯეტს 1.5 მლნ ლარი დაუჯდა. დამაკმაყოფილებელია თუ არა მილსადენის მდგომარეობა და კიდევ რამდენის დახარჯვა მოუწევს ხარვეზების აღმოფხვრაზე - სოკარიდან პასუხი პოსტსკრიპტუმმა ვერ მიიღო.
ავტორი: მიშა სესიაშვილი