პროკურატურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის ფაქტს ხელმეორედ იძიებს. ჩვენი ინფორმაციით სამუშაო ვერსია მკვლელობაა. თუმცა რატომ გახდა ეს თემა აქტუალური ახლა, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს,
პოსტსკრიპტუმის კორესპონდენტი ეკა ქადაგიშვილი შეხვდა ექსპერტს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს და მისი თქმით, ამის გამო 2 წელი ციხეში იჯდა.
21 წლის შემდეგ ექს-პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია, ისევ ჟურნალისტების ყურადღების ეპიცენტრშია. მიზეზი ზვიად გამსახურდიას საქმის კვალიფიკაციის შეცვლაა, რომელის მიხედვითაც პროკურატურამ თვითვმკვლელობა მკვლელობით შეცვალა. მოკლეს, თუ თავი მოიკლა ზვიად გამსახურდიამ, ამ კითხვას პასუხი კონსტანტინე გამსახურდიას დროებითმა კომისიამ 2011 წელს გასცა. პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებსა და მიზეზებს 2 წელი იკვლევდა, რადგან ოფიციალური გამოძიების შედეგები არასდროს აკმაყოფილებდა.
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, დოკუმენტი თაროზე შემოიდო, როდესაც 2 დღის წინ პროკურატურაში დაიბარეს მას უთხრეს, რომ კომისიის დასკვნიდან აუდიო მასალები ამოღებულია და საქმე დაშლილია. პრეზიდენტის შვილისთვის 20 წლის შემდეგაც, პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეში ბევრი რამ საეჭვოა.
სოფელ ხიბულაში გარდაცვალების ადგილი დროებითმა კომისიამ 2009-2011 წლებში რამდენჯერმე შეისწავლა. კრიმინალისტიკური ანალიზი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კრიმინალური კვლევის ცენტრს შეუკვეთეს, რომელსაც ექსპერტი გია დეკანოზიშვილი ხელმძღვანელობდა.
გია დეკანოზიშვილისთვის ჩატარებული ექსპერიმენტების მიხედვით, თვითმკვლელობის ვერსია დამაჯერებელი არ არის. ის გარდაცვალების ადგილას ნატყვიარების, ტყვიის ტრაექტორიის, ჭრილობისა და სხვა გარემოების შესწავლის საფუძველზე ამბობს, რომ ეს იყო მკვლელობა.
20 წლის შემდეგ პრეზიდენტის დაცვის ყოვილი წევრი ბაჩი გვანცელაძე ჩვენთან საუბარში კიდევ ერთხელ გამსახურდიას გარდაცვალების ღამეს იხსენებს და დღესაც დარწმუნებულია, რომ ის რაც იქ ნახა, თვითმკვლელობა იყო.
ყოფილმა დაცვის წევრმა დღეს პირველად გაამხილა, რომ ერთი წლის წინ აგვისტოში პროკურატურაში დაიბარეს და დასმული კითხვები ბესარიონ გუგუშვილს, უზენაესი საბჭოს ვიცესპიკერს შეეხებოდა, რომელსაც 31 დეკემბერს სოფელ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას გვერდით ეძინა.
პროკურატურა არ პასუხობს პოსტსკრიპტუმის კითხვას, თუ რა მტკიცებულებები გახდა საქმის გადაკვალიფიცირების მიზეზი. კონსტანინე გამსახურდია კი დარმწუნებულია, რომ პრეზიდენტის მკვლელობა იმდროინდელ მთავრობას ლეგიტიმაციისთვის ჭირდებოდა. უბრალოდ არ აქვს პასუხი კითხვაზე: 2004 წლის შემდეგ რატომ შემოიდო საქმე თაროზე და 10 წლის შემდეგ რა მიზეზით დაისვა კითხვა: მოკლეს თუ თავი მოიკლა ზვიად გამსახურდიამ.
ავტორი: ეკა ქადაგიშვილი