დაზარალებული მენაშენეები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა საგამოძიებო უწყება გამოძიების გაჭიანურებაში დაადანაშაულეს, რომელიც ნაძალადევის რაიონში ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უკავშირდება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ მშენებარე ბინები უკვე შეძენილი ჰქონდათ, როდესაც, მათი თქმით, საცხოვრებელი კორპუსი იპოთეკით დატვირთეს და აუქციონზე გაიტანეს. ამის შემდეგ კი ისინი ვერც ბინების და ვერც გადახდილი თანხის დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ.
დაზარალებულები მთავრობას თაღლითური გარიგების მფარველობაში ადანაშაულებენ.
დაზარალებულებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა უპასუხა.
"ჩვენთვის მიუღებელია ეს ბრალდებები. გამოძიება მიმდინარეობს. ამ ადამიანებს უახლოეს პერიოდში ეცნობებათ გამოძიების შედეგები," - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა.