საგურამოში ილია ჭავჭავაძის მემორიალის წინ ეკლესიის მშენებლობა ილია მართლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, ტარიელ სიკინჭილაშვილმა, დაიწყო.
მას შემდეგ, რაც ადგილზე ხეები ამოძირკვეს, ღობე ერთ ადგილას მოარღვიეს და ობელისკთან მისასვლელი ფილები აყარეს, გაირკვა, რომ სასულიერო პირს არც მიწის ფლობაზე და არც მშენებლობის წარმოებაზე ნებართვა არ მიუღია.
საპატრიარქო ეკონომიკის სამინისტროს ილია ჭავჭავაძის ობელისკის მიმდებარე ტერიტორიის დაკანონებას სთხოვს.
წერილი 25 ივნისს გაიგზავნა, თუმცა საკითხი ჯერ განხილული არ არის.
მოსამზადებელი სამუშაოები ტერიტორიაზე ისე დაიწყო, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არც ადგილობრივ ხელისუფლებას და არც ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, რომლის მფლობელობაშიც არის ეს მიწა, არ ჰქონიათ. საქმის კურსში არ იყვნენ არც საგურამოს მაცხოვრებლები.
ამასთან, მოსამზადებელი სამუშაოების წარმართვაში სასულიერო პირებს ჯარისკაცები ეხმარებიან.
თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცების სამუშაოებზე სპეციალურად გაგზავნას უარყოფენ და უკანონო მშენებლობაზე საკუთარი კონტიგენტის დასაქმებაზე ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან.
უწყებაში ამბობენ, რომ სამხედროები ამისთვის თავისუფალ დროს იყენებენ.
ავტორი: ეკა გაგუა