მთავრობის წევრის კომპანიის მიერ მსხვილი ტენდერის მოგებაში პრობლემას ვერ ხედავს საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.
საუბარია თბილისში 50-მდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლებსაც სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ძმაზე გაფორმებული კომპანია შეასრულებს.
ნუგზარ მალაღურაძის განცხადებით, კომპანიამ ელექტრონულ ტენდერში ვაჭრობისას კონკურენციის პირობებში გაიმარჯვა.
„მე არამგონია, რომ კანონი ითვალისწინებდეს მინისტრის მოადგილეების და თანამდებობის პირების ოჯახის წევრების სახელმწიფო ტენდერებში შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვას,“ - განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ.
საკრებულოს უმცირესობაში კი განმარტავენ, რომ სპორტის მინისტრის მოადგილის ძმის კომპანიამ გამარტივებულ წესებით ჩატარებულ ტენდერში გაიმარჯვა.
„სამი დღის განმავლობაში ჩატარებული ტენდერი ბევრ შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს კონკურენცია და უპირატესობა მინიჭოს იმ კომპანიას, რომელთანაც შენ პირადი ინტერესი გაქვს. სხვა შემთხვევაში ნარმანიამ უნდა დაასაბუთოს რატომ არ ჩატარდა ერთ თვიანი ტენდერი, სრული პროცედურის დაცვით,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი აბესაძემ.