თბოელექტროსადგურებზე ტარიფის გაზრდით კომპანიები კმაყოფილებას არ გამოთქვამენ.
თბოელექტროსადგურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა გაცილებით უფრო დიდი იყო, რაც „სემეკმა“ არ გაითვალისწინა, რომ ამ პირობებში მუშაობა გაუჭირდებათ.
კომპანიები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია, უკვე შემოდგომიდან ელექტროენერგიაზე გრაფიკიც კი დაწესდეს.
„ზრდას ველოდებოდით ობიექტურად. წარმოდგენილი გავქვს კალკულაციები, თუმცა ბალანსი მოსახლეობასა და კომპანიებს შორის, სამწუხაროდ, ჩვენს საზიანოდ კიდევ ერთხელ დაირღვა და ტარიფის ზრდა მოხდა 0,1 თეთრით. „ენერგო-პრო“-ს გამანაწილებელი კომპანია, რასაც ყიდულობს ენერგიას, თურმე იმაზე უფრო იაფად უნდა მივაწოდოთ აბონენტებს. არ გამოდის უბრალოდ. თუ ამ გზით წავიდა „სემეკი“, რაც დღეს ვნახეთ, შემოდგომაზე ვეღარ უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის შესყიდვას აბონენტებისთვის,“ - განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა მიხეილ ბოცვაძემ.
„სემეკის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის“ წარმომადგენელიც.
„იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქნა ეს ტარიფი დათვლილი. ჩვენ კმაყოფილების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. ის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იყო 2013 წელს და რომელიც ითვალისწინებდა ჩვენს მიერ ე.წ. ზედმეტად მიღებული მოგების გამოქვითვის საკითხს, 5 წლის განმავლობაში დარღვეული იქნა და ამჟამად ჩვენი ერთბაშად გამოქვითვის წესით, ტარიფის გადაანგარიშება განხორციელდა, რაც მძიმე იქნება კომპანიისთვის ფინანსური თვალსაზრისით,“ - განაცხადა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის“ წარმომადგენელმა ზურაბ გელენიძემ.