რა სიმძლავრის მიწისძვრას შეიძლება გაუძლოს თბილისმა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, აქვს თუ არა მნიშვნელობა რომელ სართულზე ცხოვრობს ადამიანი - "რუსთავი 2" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენელსა და გეოლოგს, ლაშა სუხიშვილს ესაუბრა.
რამდენ მაგნიტუდას შეიძლება გაუძლოს ძველმა ე.წ. იტალიურმა ეზოებმა, რომელიც წინა მიწისძვრის დროს ძალიან დაზიანდა
"ყოველი კონკრეტული შენობა ინდივიდუალურად არის შესასწავლი. შესაძლებელია ზოგიერთმა ე.წ.-მა იტალიური ეზოს შენობებმა ისეთ რყევებს გაუძლოს, რასაც მაგალითად, ახლადაშენებულმა შენობებმა ვერ გაუძლოს, ამიტომ შემოწმების გარეშე სათქმელად რთული საკითხია. აუცილებელია პროფესიონალების მიერ ინდივიდუალური შესწავლა ყოველი შენობის.
ასევე, მე რამდენადაც ვიცი, ე.წ. ხრუშჩოვკებს გასული აქვთ ექსპლუატაციის ვადა და შესაძლოა, მიწისძვრაც არ იყოს საჭირო იმისთვის, რომ რაიმე ავარიული სიტუაცია შეიქმნას, ამა თუ იმ ასეთ შენობაზე," - განაცხადა სუხიშვილმა.
სხვაობა გუშინდელ მიწისძვრასა და 2002 წელს მომხდარ მიწისძვრას შორის
"გამომდინარე იქიდან რომ 2002 წლის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო თბილისი, მარცხენა სანაპირო და მისი მაგნიტუდა იყო 4.5, მიუხედავად მიწისძვრების შემთხვევაში სუსტ მაჩვენებელზე, ამან გამოიწვია 100-ობით შენობის ავარიულ კატეგორიაში გადაყვანა და ადამიანური მსხვერპლი. რაც შეეხება წუხანდელ მიწისძვრას, ის იყო 6 მაგნიტუდის რიგებში, რაც ბუნებრივია ბევრად აღემატება 4.5-ს, მაგრამ კარგი ის არის, რომ ეს მიწისძვრა მოხდა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან მოშორებით, ჯავახეთის ქედზე. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ეპიცენტრი თბილისი იქნებოდა, ეს არის ძალიან ცუდი სცენარი. ამ ეტაპზე კარგი ამბავი ის არის, რომ ეპიცენტრი თბილისში არ იყო და მიწისძვრის რყევას ჰქონდა, დაახლოებით, 100 კილომეტრი დაცხრომისთვის თბილისამდე," - აღნიშნა გეოლოგმა.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, არის თუ არა განსხვავება რომელ სართულზე ცხოვრობს ადამიანი
"უსაფრთხოებას რაც შეეხება მიწისძვრის შემთხვევაში, კონკრეტულ ნაგებობაში რომელ სართულზე ცხოვრობ ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ აუცილებლად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ასევე, რა შენობაშიც არ უნდა ვიყოთ და რომელ სართულზეც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, ჯობია დავრჩეთ შენობაში და იქ სადაც ვართ. შენობიდან გარეთ გასვლა და ტრადიციული პრაქტიკა, რომ ყველა დაბლა ჩადის, ეს არაფრით არ შეიძლება და თუ გარეთ ვართ მიწისძვრის დროს, შენობაში არ უნდა შევიდეთ. შენობაში გადაადგილება, როგორც წესი, გულისხმობს კიბის, ან ლიფტის გამოყენებას, მიწისძვრის დროს არცერთის გამოყენება არ შეიძლება," - განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.
რა სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლებს თბილისი
"რთული სათქმელია, თუმცა 2002 წლიდან უნდა ვიმსჯელოთ, როცა 4.5-მა უკვე აღვნიშნე რაც დამართა დედაქალაქს, მას შემდეგ გავიდა 20 წელი, ავარიული შენობები არსად წასულა, პირიქით, ამორტიზაცია დაემატათ. 4-იანი რიგის მაგნიტუდის მიწისძვრები, თუ ეპიცენტრი თბილისი იქნება, შეიძლება ჩავთვალოთ დედაქალაქისთვის სახიფათოდ," - განაცხადა გეოლოგმა.
ამავე თემაზე : გავიქცეთ თუ არა გარეთ მიწისძვრის დროს - სპეციალისტების რჩევები