20 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
25 წლის მსჯავრდებული, რომელიც წელს ქვევით მოწყდა - დედა ციხის ადმინისტრაციას შვილის სასტიკად ცემაში ადანაშაულებს

მსჯავრდებული, რომელიც დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება - 25 წლის პატიმრის დედა გლდანის ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ეთერ კორაბოჩკინა აცხადებს, რომ მისი შვილი გლდანის საპატიმროში სასტიკად სცემეს.

მისი განცხადებით, პატიმარს ციხის 12 თანამშრომელი ერთად ურტყამდა.

დედა ცემის მიზეზად პატიმრის ავადმყოფობას ასახელებს. ეთერ კორაბოჩკინა ამბობს, რომ მისი შვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, ამ ინციდენტამდე ერთი თვით ადრეც სცემეს და ხერხემალი დაუზიანეს, რის გამოც ის მედიკამენტებს ითხოვდა.

ნაცემი პატიმარი გლდანიდან რუსთავის მეექვსე საპატიმროში გადაიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა დედას შვილის ნახვის საშუალება. უფლებადამცველი აცხადებს რომ პატიმარს სხეულზე არაერთი დაზიანება აქვს.

სხეულზე მიყენებული დაზიანებები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს და რეაგირებას პროკურატურისგან ითხოვენ.

სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა როლანდ კორაბოჩკინის ცემის ფაქტი არ დაადასტურა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით 18 ივლისს პატიმარმა ბადრაგის თანამშრომლებზე თავდასხმა სცადა, რის გამოც მასზე ახალი საქმე აღიძრა. ამ ბრალდებას პატიმრის დედა არ ადასტურებს.

პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, კორაბოჩაკინს არც ექსპერტიზა ჩატარებია. მათივე განმარტებით, ცემა სათვალთვალო კამერებმა გადაიღო. თავად პატიმარი კი პროტესტის ნიშნად უკვე მეექვსე დღეა შიმშილობს.

 

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, გიორგი კვიწინაძე

 
დღის ამბები