საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები მედიას საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააცნო.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:
• 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%;
• 1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც - არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში - წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე); იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი;
• ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR-ტესტით შემოსვლის შემთხვევაში, იხსნება მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულება, ხოლო PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში, არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე;
• რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნესვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაციები.
• კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 15 ადამიანი (არსებული 10-ის ნაცვლად);
• დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 10 ადამიანი (არსებული 6-ის ნაცვლად);
• უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა;
• სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი) გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით - დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან - 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში - ერთ მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება.
• 1-ლი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდ-სასტუმროები, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება;
• უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება;
• უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება.
• უქმდება ბუფეტის მომსახურებაზე შეზღუდვა;
• 4 მარტიდან დასაშვებია კლუბების ფუნქციონირება - ღონისძიების საერთო ფართის 60%-იანი დატვირთვით.
• 15 მარტიდან დასაშვებია კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ჩატარება შეზღუდვების გარეშე;
• საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველკვირეული სიხშირის ნაცვლად, ორ კვირაში ერთხელ გაიმართება;
ცნობისთვის, ღიბრაძემ განმარტა,რომ 1-ელი მარტიდან შესაძლოა, ეს შემსუბუქებები კიდევ უფრო გაფართოვდეს, თუმცა, ცხადია, ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.