ხურვალეთთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გორის პოლიციაში დაიბარეს.
წერილში, რომელიც ანდრო ბარნოვმა მიიღო, არ არის ნათქვამი, დაარღვია თუ არა შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა კანონი ან რა ეტაპზეა ერთი კვირის წინ მომხდარი ინციდენტის გამოძიება.
შეტყობინებიდან ირკვევა, რომ გამოძიებას ანდრო ბარნოვის არა დაკითხვა, არამედ მასთან გასაუბრება სურს.
ანდრო ბარნოვი ამბობს, რომ ხელისუფლება რუსულ საოკუპაციო პოლიტიკასთან და მთავრობის უმოქმედობასთან დაკავშირებით მისმა მწვავე განცხადებებმა გააღიზიანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს დამატებითი განმარტება აღარ გაუკეთებიათ.
ინციდენტი კი, რომელზეც წერილშია საუბარი, საოკუპაციო ხაზთან ვითარების დაძაბვას ეხება, როცა ქართველმა სამართალდამცველებმა იქ ჩასულ პირებს მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რასაც უარყოფითი რეაქცია მოყვა. პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა ანდრო ბარნოვი.
მომხდარი სამართალდარღვევად იმ დღესვე შეაფასეს მმართველ გუნდში და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენაც მოუწოდეს.
საპარლამენტო ოპოზიციაში გამოძიების პოლიტიზებაზე საუბრობენ.
ავტორები: ანა წერეთელი, გიორგი კვიწინაძე, ქეთევან ჯაფარიძე.