თბილისი 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის დაწყებამდე 8 საათზე ნაკლები დრო რჩება. მიხეილ მესხის ლოკომოტივის სტადიონზე კი გახსნის ცერემონიისთვის ბოლო დეტალები ზუსტდება.
სტადიონზე უკვე დამონტაჟებულია სპეციალური სცენები და დეკორაციები.
პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართება და მასში მონაწილეობას 1500-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.
გახსნის ცერემონიაში მსოფლიოში ცნობილი ქართველი ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, იქნება პაატა ბურჭულაძეც.
გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ქორეოგრაფიული ანსამბლი სუხიშვილებიც. უკვე ცნობილია, რომ ნაჩვენები იქნება საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის რამდენიმე დეტალი. მათ შორის, წარმოდგენილი იქნება ქართული ანბანი, ფოლკლორი, ასევე ნაჩვენები იქნება წარმოდგენა არგონავტებთან დაკავშირები. სპეციალურად ამ მიზნით უკვე დამზადებულია გემის კონსტრუქციაც.
სამზადისს ლოკომოტივის სტადიონზე ესწრება თბილისის მერი დავით ნარმანიაც. ის ამბობს, რომ თბილისი მზად არის მაშტაბური ღონისძიების ჩასატარებლად.
"მიმდინარეობდა ყოველდღიური მოსამზადებელი სამუშაოები. აქ არიან ჩვენი სამსახურიები კეთილმოწყობის კუთხით აგვარებენ ბოლო დეტალებს. ვფიქრობ, რომ სანახაობრივად და მნიშვნელობითაც ეს ქართველებისთვის ძალიან კარგი დღე იქნება," - აცხადებს დავით ნარმანია.