საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შემდეგ ხურვალეთში ვითარება დაძაბულია. გუშინ ევროპარლამენტარების ვიზიტის შემდეგ საკუთარი ბაღიდან ახალგაზრდა მამაკაცი დავით ხუროშვილი გაიტაცეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.
ხუროშვილების ოჯახში ეს გატაცების რიგით მეორე შემთხვევაა, ერთი წლის წინ მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრი გაიტაცეს, რომელიც გაათავისუფლეს. შს სამინისტროში ამბობენ, რომ გუშინ გატაცებულ მამაკაცს ხვალ გაათავისუფლებენ.
ხურვალეთში სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებზეც საუბრობენ. მათ არც სასმელი და არც სარწყავი წყალი აქვთ. ხურვალეთელები გაზის პრობლემის მოგვარებასაც ითხოვენ. მათი თქმით, საზღვრისპირა რეგიონში, თან თბილისთან ასე ახლოს მდებარე სოფელში, გაზის მიწოდება პრობლემა არ უნდა იყოს.
ხურვალეთელების მთავარი პრობლემა მაინც უყურადღებობაა. მოსახლეობა ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა უმრავლესობამ სახნავი მიწები დაკარგა, ხოლო, რაც დარჩა იქ მუშაობა მუდმივი შიშის ქვეშ უწევთ, თავს მიტოვებულებად გრძნობენ.
ავტორი: ეკა ქადაგიშვილი