მთავრობის მიერ შემუშავებულ სუბსიდირების პროექტით განისაზღვრა, რომ ელექტროენერგიაზე სუბსიდირება შეეხება იმ ოჯახებს, ვისაც ჯანდაცვის სამინსიტროს სოციალური სააგენტოს მიერ 70 ათასი ან ნაკლები ქულა აქვს მინიჭებული.
ამის შესახებ განცხადებები დღეს ჯანდაცვის მინისტრმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა გააკეთეს.
„ყველა ის ოჯახი, რომლის შეფასება არის 70 ათასი ან ნაკლები ქულა, მიიღებს სუბსიდირებას,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, თუ რამდენი აღმოჩნდება ასეთი ოჯახი, ყოველი თვის ბოლოს დაზუსტებით ეცოდინებათ.
ფინანასთა მინისტრის, ნოდარ ხადურის, განმარტებით, ბიუჯეტს სუბსიდირება წლის განმავლობაში დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდება.
„ჩვენ სიების დაზუსტებაზე აქტიურად ვმუშაობთ როგორც ოპერატორებთან, ეს არის თელასი და ენერგო-პრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელსაც გააჩნია სოციალურად დაუცველთა სია. ასევე აქტიურად არის ჩართული იუსტიციის სამინსიტრო. სახელმწიფო ბიუჯეტს აქვს ერთი ძლიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, ეს არის შემოსავლების გადანაწილება იმ ადამიანების მიმართ, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.