„ეს ვერ იქნება გრძელვადიანი დახმარების პროექტი, თუ ამის პარალელურად სახელმწიფოს არ ექნება კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა,“ - ასე შეაფასა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმა, მთავრობის მიერ შემუშავებული ელექტროენერგიის სუბსიდირების პროექტი.
მისი თქმით, თუ რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება ლარის გამყარებისთვის, ეს დახმარება ვერაფერს შეცვლის.
თავისუფალი დემოკრატების წევრის, ზურაბ აბაშიძის, შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტი ერთხელ უკვე სეკვესტრირებულია, წლის ბოლოს ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს.
„როგორ მოახერხებს ამას დღევანდელი ბიუჯეტი, ის ბიუჯეტი, რომელიც განიცდის სეკვესტრს, განიცდის კორექტირებას, რომელშიც არ არის იმდენი შემოსავალი, რომ ასეთი საკითხები მოაგვაროს? მე არ მინდა ისეთი განწყობის შექმნა, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე დღეები ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამას, როგორც ჩანს, ვერ გავექცევით იმიტომ, რომ დაფინანსების კუთხით იქნება სერიოზული პრობლემა და უამრავი ადამიანი კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება, ვიდრე დღეს არის,“ - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ზურაბ აბაშიძემ.