ზვიად ლაგვილავას ოჯახი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციას დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
აფხაზეთის სუს-ის ყოფილი უფროსის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ზვიად ლაგვილავას მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი მათთვის ცნობილია.
ოჯახი ირწმუნება, რომ ლაგვიალავა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი შენობაში, სადაც ის იმყოფებოდა, წყლის ავზი ააფეთქეს.
შემთხვევა 2014 წლის 27 ოქტომბრის ღამეს მოხდა. აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში წყლის ავზი აფეთქდა, რასაც, ოფიციალური ვერსიით, სუს-ის მაშინდელი უფროსის გარდაცვალება მოჰყვა. ის შენობაში მისულ მაშველებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ექპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ლაგვილავა გარდაცვლილია ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობით. იქვე დაფიქსირებულია, რომ მას აქვს მრავლობითი ჭრილობები მიყენებული, რასაც ოჯახი აპროტესტებს.
მათი თქმით, ექსპერტიზა გაყალბებულია, რადგან გარდაცვლილს დაზიანება მხოლოდ შუბლზე ჰქონდა.
ოჯახს აინტერესებს, ვინ ჩართო წყლის ავზი, როდესაც, მათი თქმით, ლაგვილავამ იცოდა, რომ ის დაზიანებული იყო და მისი შეკეთების შესახებ არაერთხელ დაწერა მოთხოვნა.
ოჯახის წევრები იმასაც ამბობენ, რომ გარდაცვლილის კაბინეტიდან დაიკარგა სეიფი და პირადი კომპიუტერი.
სუს-ის ყოფილი უფროსის გარდაცვალების ფაქტზე საქმე გაუფრთხილებლობის მუხლით არის აღძრული.
ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, ემა გოგოხია.