ახალდაბა მეწყერსაშიშ ზონად რჩება და ამ ტერიტორიაზე დაზიანებული გზის აღდგენა მიზანშეწონილი არ არის.
ეს დასკვნა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სპეციალისტებმა 2-კვირიანი სამუშაოების შემდეგ დადეს.
ინსტიტუტის დირექტორის, თეა გოდოლაძის, განცხადებით, კვლევა თანამედროვე ტექნოლოგიებით კოჯრის მთაზე ჩატარდა, საიდანაც 13 ივნისს მიწის დიდი მასა მოწყდა და თბილისამდე ჩამოაღწია.
დასკვნა შესასწავლად გარემოს დაცვის სამინიტროს გადაეგზავნა.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ყველა რისკი შესწავლილია და მასშტაბურ მეწყერს აღარ ელოდებიან.
ვერეს ხეობაში მიწის მასის დიდი რაოდენობით ჩამოსვლას არც თბილისის მერი ვარაუდობს. თუმცა, დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის განმეორების შემთხვევაში შესაბამისი უწყებები ინფორმაციას დროულად მიიღებენ.
თბილისის მერის ამ განცხადების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა მეწყერსაშიში ზონის მიმდებარედ არსებული ტერიტორიების შესწავლას ითხოვს.
ვერეს ხეობის დეტალურ შესწავლას ითხოვს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტიც.
სპეციალისტებს პრეტენზია წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის აღდგენასთან დაკავშირებითაც აქვთ და მოითხოვენ, რომ გზის ახალი პროექტი მომზადდეს.
მზადდება თუ არა ახალი პროექტი და როდის აღდგება წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა, უცნობია. ამ თემაზე ინფრასტრუქტურის სამინიტროში კომენტარს არ აკეთებენ.
ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, ნიკა ლეჟავა, გიორგი ჩიკვილაძე.