20 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ყვარელში მოსახლეობა სეტყვისგან მიყენებული ზარალის დათვლას ელოდება

განადგურებული ვენახები და საზამთროს ბაღები - ყვარელში მოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს.

დაზარალებულები დღეს ყვარლის გამგეობასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, დაპირების მიუხედავად, ზარალის დასათვლელად ადგილზე არავინ ჩასულა.

თვითმმართველ ორგანოსთან შეკრებილი მოსახლეობა დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაამისამართეს.

მათი განმარტებით, საკითხზე რეაგირება სამინისტროს მხრიდან მითითებების მიღების შემდეგ მოხდება.

უწყებაში კი განმარტეს, რომ შეფასებითი სამუშაოები გონივრულ ვადაში დაიწყება და აგროდაზღვევით მოსარგებლე ნაწილის კომპენსირება მოხდება.

აგროდაზღვევის გარდა დაზარალებულთა ნაწილი კერძო დაზღვევით სარგებლობს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მოსახლეობის თქმით, რეაგირება არ ყოფილა და არაერთი მიმართვის მიუხედავად, კომპანიებს ზარალის დათვლა არ დაუწყიათ.

ყვარელში დაზარალებული მოსახლეობა ზიანის აუნაზღაურებლობის შემთხვევაში აქციების გამართვას არ გამორიცხავს.

 

ავტორი: მარიამ ჭოხონელიძე

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები