20 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
დაფიქსირდა თუ არა რაიმე სახის ხარვეზი ბათუმის საარჩევნო უბნებზე, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ვერიფიკაციით მიმდინარეობს 

ცესკოს ინფორმაციით, ბათუმში საუბნო საარჩევნო კომისიებში შედეგები, ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი, რადგან დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება. კენჭისყრა ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებებით მიმდინარეობს, 14-ვე საარჩევნო უბანზე, პირველად ხორციელდება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაცია შესაბამისი ტექნოლოგიის გამოყენებით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის", თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე ამბობს, რომ ხმის მთვლელი და ე.წ. ვერიფიკაციის აპარატი საშუალებას იძლევა, რომ პროვოკაციის რისკები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. 

"არჩევნები ტარდება ხმის მთვლელი აპარატით, რომელიც უკვე გამოიცადა 2 ოქტომბრის არჩევნებზე კრწანისის საარჩევნო ოლქში, მაგრამ აქ დამატებული არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, ამომრჩევლის იდენტიფიცირება ე.წ. ვერიფიკაციის აპარატით, რომელიც დუეტშია ხმის მთვლელ მანქანებთან იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყოველგვარი მანიპულაცია, რომელიც შეიძლება საარჩევნო უბანზე არსებობდეს, რისკები უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი,"- აცახდებს გიორგი სიორიძე.

ელექტრონული სისტემის დადებით მხარეებზე დღეს ცესკოს ბათუმის ოლქშიც ისაუბრეს. თქვეს, რომ პროცედურა გამარტივებულია, როგორც მოქალაქეებისთვის ისე კომისიის წევრებისთვის, ამასთანავე გაზრდილია სანდოობა. რაც შეეხება ხარვეზებს დღეს 2 უბანზე დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, მოხდა ე.წ. ვერსიფიკატორის ტექნიკური მდგომარეობიდან გამოსვლა რის გამოც სარჩევნო უბნის კომისიის წევრები იძულებულები გახდნენ, რომ აღნიშნული პროცედურა სამაგიდო სიებით ჩაენაცვლებინათ.

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის ზვიად სურმანიძის განცხადებით, ელექტრონულ სისტემთ ხმის მიცემა მეტ სანდოობას იწვევს და საშუალებას იძლევა გამოირიცხოს ის ვარაუდები, რომ ამომრჩევლის ნაცვლად შეიძლება სხვამ მისცა ხმა, რადგან 2-ჯერ ხმის მიცემა ტექნიკურად გამორიცხულია.

მისივე თქმით, ელექტრონული ხმის დათვლის შემდეგ კიდევ ერთხელ მოხდება ხელით გადათვლა რაც პროცესებისადმი სანდოობას კიდევ უფრო აამაღლებს.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.

ბათუმი საკრებულოს ერთ დეპუტატს ირჩევს. შუალედური არჩევნებისთვის ბათუმის ოლქში 14 საარჩევნო უბანია გახსნილი. ბათუმში შუალედური არჩევნების მოსაგებად ორი კონკურენტი კანდიდატი - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობა" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნება" იბრძვის.

ბათუმში არჩევნები საკრებულოს გონიო-კვარიათის მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ტარდება.

დღის ამბები