20 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
მსოფლიო გაზრდილ ინფლაციას და შემცირებულ ეკონომიკას ებრძვის - როგორი იქნება ომის გავლენა საქართველოზე

რუსულმა ბომბებმა ცხოვრება მთელ მსოფლიოს უკვე გაუძვირა, ზოგგან ინფლაციამ რეკორდულ ნიშნულსაც კი მიაღწია, თუმცა, სპეციალისტების გათვლებით, გლობალური ინფლაციის პროცესი გრძელდება. საომარი მოქმედებების შეწყვეტის გარდა, რაც ნომერ პირველი პრიორიტეტია, საერთაშორისო საზოგადოების მთავარი საზრუნავი ინფლაციური წნეხის შემცირება და მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობაცაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც რუსეთი გარკვეული პროდუქტების ექსპორტზე კვოტირებებს აწესებს და ექსპორტის გადასახადს ზრდის. ომის მეორმოცე დღეს ყველამ იცის, რომ 2022 წელს მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოების მხრივ სირთულეებია მოსალოდნელი. ომმა უკვე ისტორიულად გააძვირა ხორბალი. ამჟამად ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთი ტონა ხორბალი 316 დოლარი ღირს. რაც წინა წელთან შედარებით, 54 პროცენტით ძვირია.

რუსეთი მსოფლიოში ხორბლის რიგით #1 ექსპორტიორია, უკრაინა მეხუთე. სასურსათო ბაზრების დივერსიფიცირება გლობალურად აქტუალური თემა გახდა.

ომის შოკმა ინფლაციური მოლოდინები გაზარდა საქართველოშიც, რასაც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით უპასუხა. უწყებამ რეფინანსირების ანუ ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი ნახევარი პროცენტული პუნქტით 11 პროცენტამდე გაზარდა. მაღალი ინფლაცია გამოწვევად რჩება. ეროვნული ბანკი ამბობს, სანამ მაღალი იქნება ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინები, მკაცრი დარჩება მონეტარული პოლიტიკაც. კობა გვენეტაძე ელოდება, რომ ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა დარჩება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ეროვნული ბანკი 11 მაისს გადახედავს.

კიდევ ერთი ფაქტორი რაც ინფლაციაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს გაძვირებული საწვავია. ამიტომაც, ეს საკითხი განსაკუთრებით აწუხებს მოსახლეობას. თემა საპროტესტო აქციების და პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზიც გახდა. მთავრობის განმარტებით, დღეს ბაზარზე არსებული მარაგი პიკური ფასითაა შეძენილი და არის მოლოდინი, რომ უფრო ნაკლებ ფასში ნაყიდი საწვავი გამოჩნდება. თუმცა, ჯერჯერობით, საწვავი ისევ ძვირია. ხელისუფლება ამბობს, რომ გამოსავალზე კერძო სექტორთან ერთად მუშაობს. როგორი იქნება ეს გამოსავალი, დეტალები ჯერ არ ვიცით. ერთი რაც მტკიცებით ფორმაში მოვისმინეთ ფინანსთა მინისტრისგან არის ის, რომ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებას და დღგ-ს მცურავ რეჟიმზე გადაყვანას ანუ დაგეგმილი ბიუჯეტის პირობებში საგადასახადო შემოსავლის დაახლოებით ცხრა პროცენტს მთავრობა ვერ გააუქმებს.

ინფლაცია და რისკები გაიზარდა, ეკონომიკები კი შემცირდა. ბრიტანულმა Economist-მა ეკონომიკურ პროგნოზებს გადახედა. გამოცემის შეფასებით, ომი წელს უკრაინის ეკონომიკას 46.5%-ით შეამცირებს. ქვეყანა ეკონომიკის ომამდელ დონეს, ანალიტიკოსების შეფასებით, სავარაუდოდ 2030-იანი წლების ბოლოსთვის დაუბრუნდება. Economist წელს რუსეთის ეკონომიკაში 10%-ან ვარდნას ელოდება. გამოცემის გათვლებით, რუსეთი ომამდელ ეკონომიკურ მაჩვენებლებს მხოლოდ 2025 წლისთვის მიაღწევს.
ცვლილებებია გლობალურ ეკონომიკაშიც. 2022 წლის პროგნოზი ნახევარი პროცენტული პუნქტით 3,4 პროცენტამდე შემცირდა.

დიდი შვიდეულის ქვეყნებში წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასეთია:
მცირდება ყველას პროგნოზი, კანადის გარდა, აქ მაჩვენებელი უცვლელი დარჩა.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს აკორექტირებს იბიარდიც.

● აშშ - ზრდა 2022 წელს 3%, კლება წინა პროგნოზთან 0.4%;
● საფრანგეთი - ზრდა 2022 წელს 3.4%, კლება წინა პროგნოზთან 0.7%;
● გერმანია - ზრდა 2022 წელს 2.5%, კლება წინა პროგნოზთან 0.8%;
● იტალია - ზრდა 2022 წელს 3.4%, კლება წინა პროგნოზთან 1%;
● იაპონია - ზრდა 2022 წელს 2.8%, კლება წინა პროგნოზთან 0.2%;
● დიდი ბრიტანეთი - ზრდა 2022 წელს 3.9%, კლება წინა პროგნოზთან 0,1%;
● კანადა - ზრდა 2022 წელს 3.8%, უცვლელია.

ომმა ეკონომიკური მოლოდინებიც დააკორექტირა. ეროვნული ბანკის ახალი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 5%-ის ნაცვლად, რაც აქამდე იყო ნავარაუდევი, 3-4%-ი იქნება. უწყება ცვლილებებს ელოდება კაპიტალის შემოდინების კუთხითაც. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამ ნაწილში დანაკლისი ვერ იქნება ისეთივე მასშტაბური, როგორიც 2020 წელს, პანდემიის გამო იყო. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3 პროცენტამდე შეგვიმცირა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. მოლოდინი არსებობს, რომ წლის დასაწყისში გათვლილი 10 პროცენტიანი ზრდა აღარ იქნება საბანკო სექტორშიც, თუმცა, რამდენი იქნება კლება, საბანკო ასოციაცია ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს.

გლობალური შოკის მიუხედავად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს არანაირი საჭიროება საერთაშორისო სავალუტო ფონდს დამატებითი სესხი სთხოვოს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას ფონდისგან ფულის სესხება მომდევნო სამი წლის განმავლობაში უკვე მარტივად შეუძლია. შეთანხმება მიღწეულია. ფონდი საქართველოში სამწლიან პროგრამას იწყებს და მის ფარგლებში ქვეყნისთვის $289 მილიონის დაფინანსება გახდება ხელმისაწვდომი.

იზრდება საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის მიმართ ინტერესი. ომის დაწყებიდან დღემდე, MAERSK-ის ინფორმაციით, ინტერესმა 250%-ით მოიმატა. ომმა შავ ზღვაში რუსეთისა და უკრაინის უმსხვილესი პორტები პრაქტიკულად გააჩერა. გადამზიდავები კი ახალ მარშრუტებს ეძებენ. სპეციალისტების თქმით, ამ მოცემულობაში საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, ფოთისა და ბათუმის პორტებში დამატებითი ტვირთები მოიზიდოს. ახალმა შესაძლებლობებმა დღის წესრიგში ისევ დააყენა ღრმა წყლოვანი პორტის თემა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზების საკითხი. გადამზიდავები შიშობენ, რომ ტვირთები წამოვა, თუმცა, ქვეყანა ვერ შეძლებს მიღებას. ეკონომიკის მინისტრმა კი პრიორიტეტად დაასახელა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, კონკრეტულად კი არსებული პორტების მოდერნიზება და ანაკლიის პროექტის მშენებლობის გაგრძელება. ვიცე-პრემიერი ანაკლიის აშენების პირობას დებს. ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტით დაინტერესებული ინვესტორები უკვე არსებობენ. ვინ? - ჯერ არ კონკრეტდება. მინისტრის განმარტებით, კონკურენტუნარიანობა საქართველოსთვის ერთ-ერთი გამოწვევაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც, ქვეყნები ახალ მარშრუტებს ადგენენ. მაგალითად, ყაზახეთი. ის, კავკასიის დერეფნის ათვისებაზე უკვე მუშაობს.








დღის ამბები