იაპონიის მთავრობა, გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ. პროექტის ღირებულება 920 ათასი დოლარია და კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის შედეგებთან ადაპტაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ემსახურება.
"გაეროს განვითარების პროგრამა ძალიან მოხარულია, რომ ხელს უწყობს საქართველოს მწვანე გარდაქმნის გზაზე და მწვანე ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესში. დღეს, ჩვენ წამოვიწყეთ ახალი ინიციატივა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და იაპონიის მთავრობასთან ერთად, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას შემოსავლის მდგრადი წყაროს მიღებაში და ასევე, ტყის მდგრად მართვაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის,"-აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და UNDP-ის რეგიონული დირექტორი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი.