მზიდან ამოტყორცნილი უზარმაზარი პლაზმა დედამიწისკენ მოემართება და დანიშნულების ადგილს ხვალ, 14 აპრილს მიაღწევს.
საქმე იმაშია, რომ 11 აპრილს გააქტიურდა მზის მიძინებული ლაქა AR2987. შედეგად, გამოთავისუფლდა მძლავრი ენერგია რადიაციის სახით, რამაც ვარსკვლავის გვირგვინიდან პლაზმის ნაკადის ამოტყორცნა გამოიწვია. ეს ნაკადი ახლა ჩვენი პლანეტისკენ მოემართება და, როგორც მეცნიერები ამბობენ, დედამიწაზე მცირე პრობლემებს შექმნის. პლაზმის ნაკადი გეომაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს, რამაც, შესაძლოა, შეაფერხოს ხელოვნური თანამგზავრებისა და ელექტრული ქსელის მუშაობის პროცესი; ასევე, გამოიწვიოს პოლარული ნათება ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი და აიდაჰო.
აღსანიშნავია, რომ მზე 2019 წელს აქტიურობის ახალ ფაზაში შევიდა, რომელიც პიკს 2025 წლისთვის მიაღწევს.