20 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განრიდება-მედიაციის პროგრამის შედეგების შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

იუსტიციის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის თერთმეტი წლის შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში გამართულ კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამის განხორციელებაში ჩართული პროფესიონალები, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართა   საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროგრამის წარმატებაზე და  განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.მისი თქმით, საამაყოა ის შედეგები რაც პროგრამის არსებობის მანძილზე იქნა მიღწეული და ეს პროფესიონალი ადამიანების თავდაუზოგავმა შრომამ, არასრულწლოვნებზე ყოველდღიურმა ზრუნვამ და სწორმა მიდგომებმა განაპირობა.

"პროკურორების ეფექტიან მუშაობაზე და სწორ გადაწყვეტილებებზე მიუთითებს სასამართლოდან განრიდების მიზნით საქმეთა უკან დაბრუნების დაბალი მაჩვენებელი. კერძოდ, 2021 წელს სასამართლოდან განრიდების მიზნით არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა დაბრუნების მაჩვენებელი 5%-ია. პროგრამის წარმატებაზე მიუთითებს განრიდების ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალი მაჩვენებელიც. 2021 წელს, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, განრიდებულ არასრულწლოვანთა მხოლოდ 2-მა პროცენტმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული,"-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას განრიდება-მედიაციის პროგრამის გაძლიერებისთვის.ასევე, გაგრძელდება სპეციალიზებულ  პროკურორთა გადამზადება.

კონფერენციაზე  სხვა და სხვა  უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ძირითადი მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო ხედვა. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის მიმართულების უფროსის მოადგილის კატალინ გერმანის განცხადებით,  აღდგენითი მართლმსაჯულება, შედარებით ახალი კონცეფციაა,  რომელიც ეფუძნება მედიაციას და განრიდებას
"ეს ყველაფერი ბავშვების კეთილდღეობის მიზნით ხდება და საქართველოს აქვს მართლაც წარმატებული შემთხვევა არასრულწლოვნების მედიაციის და განრიდების, რითიც  შეუძლია იამაყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არიან განრიდებული და ეს ძალიან კარგია, თუმცა არსებობს  გამოწვევები,"-განაცხადა გერმანმა.

"განრიდების და მედიაციის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც  ევროკავშირის დახმარებით ხორციელდება. 5000-ზე მეტი ბავშვი იქნა განრიდებული სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ეს ძალინა კარგია. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ იუსტიციის სამინისტროსთან და პროკურატურასთან. ჩვენ თანამშრომლობას განვაგრძობთ, რომ კიდევ უფრო მეტი ბავშვი იქნეს განრიდებული და მათ ჰქონდეთ საუკეთესო დასაწყისი ცხოვრებაში, ასევე  მეორე შანსი ახალი ცხოვრების," -განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა

ასევე  შეფასდა,  რამდენად ეფექტიანია განრიდებისა და მედიაციის მექანიზმი,  რამდენად მოქნილია პროგრამა მოერგოს საგანგებო სიტუაციებს, როგორიცაა მაგალითად, კოვიდ პანდემია, დისტანციურ რეჟიმში მუშაობის სპეციფიკა.  შეფასდა დაზარალებულთა კმაყოფილების კვლევის  და რესოციალიზაცია რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობის შედეგები.

კონფერენციაზე  განრიდების და მედიაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის პროგრამაში ჩართული პროკურორები, მედიატორები და სოციალური მუშაკები დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი "ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში" დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას განრიდება გახდეს პრიორიტეტი კანონთან კონტაქტში მყოფი ბავშვებისათვის.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით მომავალშიც განაგრძობს ბავშვთა დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემების გაძლიერებას.

დღის ამბები