ვიზიტი შედგა - ქართული საპარლამენტო დელეგაცია უმაღლეს რადას ეწვია. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია უკრაინელმა კოლეგებმა მიიღეს.
რუსეთის სისასტიკის შედეგები დღეს ადგილზე პირადად ნახეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა. ბუჩა ეკლესიის ეზო - ადგილი სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები მშვიდობისთვის ლოცულობდნენ რუსეთის აგრესიის შედეგად მათსავე საერთო სასაფლაოდ იქცა. მხოლოდ ამ ეზოში საერთო საფლავებში 160-ადამიანის ცხედარი იპოვეს. უმეტესობა ნაწამები და დახვრეტილი.
მოგვიანებით შალვა პაპუაშვილმა და ქართველმა დეპუტატებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი ამავე ეკლესიაში მიაგეს. შემდეგ კი უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სხვა ლოკაციებზე გადაინაცვლეს. შემდეგი გაჩერება იყო ქალაქ ირპენში. აქაც ბუჩას მსგავსად მრავლად არის დაბომბილი შენობები, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის თავშესაფარი იყო. დახვრეტილ და ნაწამებ ადამიანებზე ინფორმაციის პირადად მიღების შემდეგ ქართული დელეგაციის წევრები ემოციებს ვერ მალავდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უკრაინაში ჩასული დელეგაციის შემადგენლობა მრავალპარტიულია. დეპუტატები, ისევე როგორც შალვა პაპუაშვილი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ტრაგედიის და საქართველოსა და უკრაინის საერთო მტრის მიერ ჩადენილი დანაშაულების ფონზე შეფასებებში ყოველგვარი პარტიული ზღვარი წაშლილია. აქვე ირპენის კულტურის სახლთან გაიმართა უკრაინის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების პირველი პრესკონფერენცია.
დაბომბილი შენობების და ნაწამები ხალხის საერთო სასაფლაოების ნახვის შემდეგ ქართულ დელეგაციას რუსული ომის კიდევ ერთი დანაშაულის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათ აჩვენეს ყოფილი პიონერთა სასახლის სარდაფი, სადაც რუსებს 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა უკრაინელები ჩაყავდათ, უწყობდნენ ფსევდო დაკითხვას, შემდეგ კი ხვრეტდნენ.
ომის დანაშაულების უშუალოდ შემთხვევის ადგილზე გაცნობის გარდა პარლამენტის თავმჯდომარის და ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მოიცავდა პირისპირ ოფიციალურ შეხვედრებს, რომელიც დღესვე კიევში უკრაინის რადაში გაიმართა. შალვა პაპუაშვილმა და რუსლან სტეფანჩუკმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს რადაშიც. აქ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ითქვა, რომ რუსეთის აგრესია და გამოწვევა რომლის წინაშე ახლა უკრაინა დგას ყველაზე კარგად სწორედ საქართველოსთვის და ქართველებისთვის არის ნაცნობი.
ორმხრივი შეხვედრების დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლება კოორდინაციაში იქნება ომის დანაშაულების გამოძიების და პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხებში. საქართველო განაგრძობს მრავალმხრივ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რისთვისაც რუსლან სტეფანჩუკმა ქართველ კოლეგას და საქართველოს მოსახლეობას მადლობა არაერთხელ გადაუხადა. სპიკერებმა და დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენციის შემდეგ რამდენიმე ერთობლივი ფოტო გადაიღეს. დღესვე კიდევ ერთი სიმბოლური ჟესტი ირპინში, დროშაზე გაკეთებული ერთობლივი ხელმოწერები იყო.