იური დოროშენკოს სახლთან საერთაშორისოდ აკრძალული კასეტური იარაღი მარტის დასაწყისში ჩამოვარდა. ამ ტიპის იარაღი რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ არაერთხელ გამოიყენეს. უფლებადამცველებმა კასეტური ბომბის გამოყენების ფაქტი დაგმეს. დასავლელი ლიდერები მოსკოვის მხრიდან ჩადენილ ომის დანაშაულებზე საუბრობენ.
კასეტური საბრძოლო მასალა რუსებისგან გასათავისუფლებლად გამოიყენეს უკრაინელებმაც. ამის შესახებ ვრცელ სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კასეტური ბომბი აღმოსავლეთ უკრაინაში, ჰუსარივკაში მარტის დასაწყისში მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებთან დაეცა და ამჯერად, ის რუსული ძალების მიერ არ იყო გასროლილი.
ხორბლის მინდვრებითა და ბუნებრივი აირის მილსადენებით გარშემორტყმულ აგრარულ დასახლება ჰუსარივკაში ამ თავდასხმის დროს არავინ დაღუპულა. თუმცა, სულ მცირე ორი ადამიანია მოკლული ამ პერიოდში, რადგან უკრაინული ძალების სამიზნე რუსეთის ძალები იყო და მას თვის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ბომბავდნენ. უკრაინელების მიერ კასეტური იარაღით დაბომბვის დროს სოფელი მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო.
კასეტური საბრძოლო მასალები - იარაღის კლასია, რომელიც მოიცავს რაკეტებს, ბომბებს, ნაღმტყორცნებსა და საარტილერიო ჭურვებს. აღნიშნული საბრძოლო მასალა გასროლის შედეგად ჰაერში იყოფა და პატარა ბომბები ეცემა ფართო ტერიტორიაზე. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გასროლილი იარაღი საშიშროების მატარებელია მანამ, სანამ არ მოხდება აფეთქებული საბრძოლო მასალის აღმოჩენა და სათანადო განიარაღება.
კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ კონვენცია ძალაში 2010 წელს შევიდა და მისი გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განუმოზომელი ზიანის მიყენების საფრთხის გამო აკრძალულია. კონვენციაზე ხელი 100 ზე მეტ ქვეყანას აქვს მოწერილი. ამ ქვეყნებს შორის არ არის აშშ, უკრაინა და რუსეთი.
იური დოროშენკოს ქუჩაზე ვიზიტის დროს, Times-ის ჟურნალისტებმა ნახეს იმ საარტილერიო რაკეტის დიდი ნაწილი, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალას ისროდა. აღნიშნული რაკეტით გასროლილი იარაღის ტიპის დადგენა შესაძლებელია. ადგილობრივები ამბობენ, რომ კასეტური ბომბი რუსული არმიის იმპროვიზირებული შტაბ-ბინის მახლობლად დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამიზნე ნამდვილად იყო რუსული ძალები.