ოკუპირებული ახალგორისკენ გადაადგილება 25 აპრილის ჩათვლით შესაძლებელია. თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ, მოქალაქეებს 5 დღით აქვთ საშუალება გადმოვიდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საკუთარი სახლები, ახლობლები და ოჯახის წევრები მოინახულონ.
ე.წ. საზღვარზე გადმოსვლის პირობები უცვლელია - გადაადგილების მსურველებს უნდა ჰქონდეთ ე.წ. პროპუსკი ან დე ფაქტო ცხინვალის მიერ გაცემული ე.წ. პასპორტი.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ ადამიანებს ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის დროს გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ. მისი ინფორმაციით, მოქალაქეებს ე.წ. საზღვარზე პროდუქტის გადმოტანის საშუალება არ ეძლევათ.
"2019 წლის 5 სექტემბრის მერე ახალგორის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია. იშვიათი გამონაკლისი იყო, როდესაც მძიმე ავადმყოფების გადმოსვლა ხერხდებოდა, ხშირ შემთხვევაში წითელი ჯვარი ერთვებოდა და ახლა 5 დღით გუშინ გაიხსნა. ვისაც გააჩნია ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტები და ე.წ. პროპუსკები, მხოლოდ იმ ადამიანებს ეძლევათ საშუალება გადასვლა-გადმოსვლის. ასევე, შეზღუდულია პროდუქციის გადმოტანა. საქმე ეხება ოჯახში ნაწარმ პროდუქციას. მაგალითად, გუშინ ჩამოართვეს თაფლი, ყველი, ხორცი და ა.შ. ადამიანებს საკუთრებაში არსებული მანქანების გამოყვანა მხოლოდ იქიდან შეუძლიათ, აქედან მანქანებით შეშვება არ არის," - აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი.