სამგზავრო ავტობუსში გასროლის ხმა ღამის 11 საათზე გაისმა. ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავ ტრანსპორტში ორ მოქალაქეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც 65 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და 2 გასროლა განახორციელა.
სროლის შემდეგ მან ავტობუსი დატოვა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალევე, თამარაშვილის ქუჩაზე დააკავა. ფეხში დაჭრილი 46 წლის მამაკაცი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.
რის გამო ესროლა მგზავრმა მგზავრს - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლმა დეტალები არ იცის, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ორ მამაკაცს შორის თავდაპირველად სიტყვიერი კამათი იყო, რამდენიმე წუთში კი 65 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და უცნობ პირს დამიზნებით ფეხებში ორჯერ ესროლა.
დაჭრილი 46 წლის მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, მას ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. მკურნალი ექიმის განმარტებით, ამ დროისთვის დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებით და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო, დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.