20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
მართლმადიდებელი სამყარო ცეცხლის გადმოსვლას ზეიმობს - წმინდა ცეცხლი თბილისი დროით 15:30 საათზე გადმოვიდა

მართლმადიდებელი სამყარო ცეცხლის გადმოსვლას ზეიმობს. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ თეოფილე III-მ აღდგომის ტაძარში შეკრებილ მომლოცველებსა და პილიგრიმებს ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა ახარა. მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არ დარღვეულა, იერუსალიმის პატრიარქმა კუვუკლიაში შესვლამდე მაცხოვრის საფლავს 3 წრე დაარტყა.

მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლას შეკრებილი მორწმუნეები შეძახილებით შეხვდნენ. ცეცხლი იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილე III-მ მაცხოვრის საფლავიდან თბილისის დროით ზუსტად 15:30 საათზე გამოიტანა და მომლოცველებს გაუზიარა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლის მოლოდინში ჩაბნელებული ტაძარი რამდენიმე წუთში მთლიანად განათდა.

მორწმუნეები მაცხოვრის ტაძართან იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის მისვლამდე, ჯერ კიდევ სალოცავის გახსნამდე, შეიკრიბნენ. კარის გახსნის შემდეგ კი, სამლოცველოში დიდი ლამპარი შეიტანეს, რომელზეც, ქრისტიანული რწმენის მიხედვით, წმინდა ცეცხლი გადმოდის. კუვუკლიაში შესვლამდე, ტრადიციულად, სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა იერუსალიმის პატრიარქი შეამოწმეს.

ტრადიცია არც წელს დარღვეულა - ხმაურიანი შეძახილებითა და ცეკვით აღდგომის ტაძარში ცეცხლის გადმოსვლას ერთმანეთის მხრებზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლებიც ელოდნენ. ისტორიული წყაროების მიხედვით, არაბი ქრისტიანების ხმაურიანი ლოცვა–ვედრება წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ერთ–ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

ტრადიციულად ცერემონიამ იერუსალიმში გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე ჩაიარა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლის მოლოდინში იერუსალიმში აღდგომის წინა დღეებში მთელი მსოფლიოდან ათასობით მომლოცველი ჩადის. ცეცხლი იერუსალიმიდან პირველი, მაცხოვრის დაბადების ადგილას ჩააქვთ. მოგვიანებით კი, წმინდა ცეცხლი აღდგომის ლიტურგიისთვის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ვრცელდება.

დღის ამბები