იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი თბილისმა მექსიკის ქალაქ გვადალახარას გადასცა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სტატუსის გადაცემის ცერემონიას, რომელიც გვადალახარაში შედგა, თბილისიდან ოფიციალური დელეგაცია დაესწრო.
"თამამად შეიძლება ითქვას, რომ იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი დედაქალაქი, მსოფლიოს რუკაზე, სრულიად განსხვავებული მნიშვნელობითაა წარმოდგენილი. ამ ერთი წლის განმავლობაში ლიტერატურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარებისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა. მადლობა იუნესკო-ს ამ შესაძლებლობისთვის და მადლობა გუნდს, რომელმაც ჩვენი დედაქალაქისთვის ასე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
ვუსურვებ წარმატებას გვადალახარას, რომელმაც იუნესკო-ს ესტაფეტა თბილისისგან გადაიბარა. მე კარგად გავეცანი მათ პროგრამას და მჯერა, რომ ქალაქსა და მთელი ქვეყნის მოსახლეობას, წინ საინტერესო ერთი წელი ელის,"- განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.
თბილისი იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილიდან, ერთი წლის განმავლობაში იყო. როგორც თბილისის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 50-ზე მეტი მასშტაბური, სახალხო, პროფესიული, საბავშვო, ახალგაზრდული, ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტი.
"დაარსდა საბავშვო წიგნის ფესტივალი და ლიტერატურული პრემია „ნაკადული“, განახლდა თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა, მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლობებისთვის ჩატარდა არაერთი კონკურსი, ლექცია-სემინარები, განხორციელდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო რეზიდენციები. პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, განხორციელდა არაერთი სახალხო ღონისძიება. მათ შორის, წიგნების ფლიმარკეტები, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონისა და სხვათა შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოები. ასევე, ჩატარდა სამი ლიტერატურული ბანაკი სტუდენტებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. გახმოვანდა და აუდიო წიგნების სახით გამოვიდა თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებები, დაარსდა საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მწერლების მუზეუმი და უამრავი სხვა.
პროექტის მთავარი განმახორციელებლი იყო თბილისის მერია, გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი, პარტნიორები: მწერალთა სახლი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აშშ-ის საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯეოლაბი, აჭარა ჯგუფი, პოსტრედი და სხვა," - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" დირექტორი ნინია მაჭარაშვილი და პროექტის განმახორციელებელი გუნდის წევრები. სტატუსის გადაცემის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ იუნესკო-სა და გვადალახარას მერიის წარმომადგენლები, მექსიკელი მწერლები, გამომცემლები და სხვა საპატიო სტუმრები.