საქართველო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციას 53 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.
ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველა ეროვნული საზოგადოება საქართველოში ერთდროულად იმყოფება.
კონფერენციას დამატებით მნიშვნელობას სძენს რეგიონში შექმნილი კრიტიკული მდგომარეობა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მდგომარეობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დრამატულად შეიცვალა. Covid-19-მა თითქმის ორი მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მიგრაციისა და იძულებით გადაადგილების მასშტაბები კრიტიკულად იზრდება. კლიმატის ცვლილება კი რეგიონის მასშტაბით ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ამას ემატება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, რომლის შედეგადაც მილიონობით ადამიანს უწევს იძულებით გადაადგილება და საჭიროებს მყისიერ ჰუმანიტარულ თანადგომასა და დახმარებას.
კონფერენციაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის ეროვნული წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ლიდერები შეიკრიბებიან და განიხილავენ რეგიონის ყველაზე კრიტიკულ ჰუმანიტარულ კრიზისებთან გამკლავების გზებს. განიხილავენ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებს და მათთან გამკლავების ეფექტურ სტრატეგიებს.
“გვეამაყება, რომ საქართველოს წითელი ჯვარი ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-11 რეგიონული კონფერენციის მასპინძელია. ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ რეგიონში მიმდინარე კრიტიკული გამოწვევები და კოორდინირებულად, ურთიერთანამშრომლობით შევძლოთ მათზე ადეკვატური პასუხის გაცემა"- განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება სამი ძირითადი საკითხი: მიგრაცია, COVID-19 და კლიმატის ცვლილება.
"ბოლო ოთხი წლის განმავლობაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოხალისეები დაუღლელად მუშაობდნენ და ზრუნავდნენ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მათ შორის იყო საქართველოს წითელი ჯვარიც, რომელმაც COVID- 19-ის პანდემიის დროს არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეცვალა," - განაცხადა ნათია ლოლაძემ.
კონფერენცია თბილისში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
"დღეს ჩვენი მთავარი მიზანია ერთიანი ძალებით მოვემზადოთ სამომავლო გამოწვევებისთვის, რათა მომავალშიც შევძლოთ გაერთიანებული ძალებით სხვა დიდ გამოწვევებთან გამკლავება. ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ჩვენი კოორდინირებული მუშაობა უფრო გვაძლიერებს, რადგან პრობლემა, თუკი ის არსებობს, გვეხება ყველას," - აღნიშნა საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.