დღეს დილიდან Facebook-ის ქართველი მომხმარებლები ახალ საეჭვო SMS შეტყობინებებზე წერენ, რომელიც მათ კუთვნილ მობილურის ნომრებზე მოსდით. შეტყობინებაში, როგორც წესი, მითითებულია ნომრის მფლობელის სახელი და გვარი, მისი პირადი ნომერი და ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაში, ჩნდება შეტყობინება, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით. ტექსტის შინაარსი, დაახლოებით, ასეთია : "შენი და ათასობით სხვა მოქალაქის პირადმა მონაცემებმა არაერთხელ გაჟონა. დაიცავი პირადი ინფორმაცია."
ავტორები შეტყობინებისა, რომელიც Datacomm-ის სახელით იგზავნება, იქვე ირწმუნებიან, რომ არ არიან ჰაკერები და მხოლოდ კეთილი მიზნები ამოძრავებთ.
ამასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა. უწყებამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს აფრთხილებს, არ გადავიდნენ აღნიშნულ ბმულზე, რადგან შეიძლება ის შეიცავდეს ვირუსს, რომელიც შეტყობინების ავტორებს პირად ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას მისცემს. მათივე ცნობით, რადგან ეს ფაქტი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაგზავნილია შესაბამის სამსახურებთან.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შეტყობინებით მომართა არაერთმა პირმა, რომლებიც უთითებენ იდენტური შინაარსის გარემოებებზე. კერძოდ, მათ "Datacomm"-ის სახელით მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც მითითებულია მათი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ბმული (ე.წ. "ლინკი"). პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ "Datacomm"-ის სახელით მსგავსი შინაარსის მიღებულ შეტყობინებებში მითითებული არასანდო ბმულის (ე.წ. "ლინკის") გახსნისაგან, რადგან ბმული შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამებს (malware, spyware), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებში შენახულ პერსონალურ მონაცემებზე უკანონო წვდომა. მნიშვნელოვანია, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაიცვათ კიბერუსაფრხოების წესები და თავი შეიკავოთ არასანდო და არაიდენტიფიცირებული შეტყობინებებით (SmS, Email, Messanger…) მიღებული ბმულების (ე.წ. "ლინკები") გახსნისაგან,"-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მოსახლეობას აფრთხილებს კომპანია "მაგთიკომიც" :
"
„მომხმარებელთა საყურადღებოდ! თავი შეიკავეთ Datacomm-ის სახელით მიღებულ SMS-ში მიმაგრებული ბმულის გახსნისგან, რადგან ის შესაძლოა შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამებს!
გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!" - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.