"არის ეჭვი, რომ ეს შეთანმხებული ქმედებაა, რომ უწყინარი კონცერტი არ ჩატარდეს," - ასე ეხმაურება რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ფოთის, ქუთაისისა და ბათუმის მერიების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ამ სამ ქალაქში რუსთავი 2-ს კონცერტის ჩატარებაზე უარი ეთქვა.
"როცა ხელს უშლი მსგავსი კონცერტების ჩატარებას, გამოდის მედიის საქმიანობაში ხელშეშლა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმართველობები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსგავს განცხადებებს და უფრო გამჭვირვალე გახადონ მოტივაცია. ფაქტია, ჩდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს არის შეთანმხებული ქმედება და ხელშეშლა, რომ არ ჩატარდეს ეს აბსოლიტურად უწყინარი კონცერტი," - აცხადებს ნათია კუპრაშვილი.
ამავე თემაზე დღეს ვრცლად ისაუბრეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც და ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდეს.
"დეტალური ინფორმაცია და დასაბუთებელი არცერთ მერიას საზოგადოებისთვის არ მიუწოდებია. აღნიშნული ინფორმაცია მოთხოვნის მიუხედავად თვითმართველობების წარმომადგენლებს არც ჩვენთვის, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის არ მოუწოდებია. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვისგანცხადებაში ნათქვამია, რომ მედია ორგანიზაციის თვითრეკლამირებაში ხელშეშლას განიხილავს როგორც მედია საქმიანობის დამაბრკოლებელ ფაქტს და მოუწოდებს ადგილობრივ თვითმართველობებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ გადაწყვეტილებებს," - აცხადებს თამარ რუხაძე.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი