როგორ შეასრულა ქვეყანამ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები 8 წლის განმავლობაში?- ამ შეკითხვაზე პასუხი სტრასბურგში სპეციალურ ანგარიშში პუნქტებად გაიწერა. დოკუმენტის საფუძველზე შემუშავდა რეზოლუციაც, რომელსაც საპარლამენტო ასამბლეამ მხარი ერთხმად დაუჭირა.
ბოლო პუნქტში წერია, რომ ქვეყანას უჩნდება შანსი, მონიტორინგის ჯგუფიდან პოსტმონიტორინგის ჯგუფში გადავიდეს, ამისთვის კი შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებაა საჭირო.
საქართველო რომ განაგრძობს პროგრესს, დღეს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების მთავარი გზავნილი იყო. ევროპელი დეპუტატებისთვის შემაშფოთებელია პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, ამიტომ მოუწოდებენ როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ეროვნული ინტერესი პარტიულზე მაღლა დააყენონ.
ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დებატებიც გაიმართა, სიტყვით გამოვიდნენ ქართული დელეგაციის წევრები როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან. ხელისუფლების ოპონენტებმა ისაუბრეს შიდა და გარე საფრთხეებზე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ სესიაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხიც დააყენა.
მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილეს უკანონო ბორდერიზაციისა და დეოკუპაციის საკითხებზე. ისაუბროს, პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც არჩევნები 2024 წელს სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ასევე, არჩევნებსა და მართლმსაჯულების სისტემაზე.
მიღებული რეზოლუცია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და შესაძლებლობას აჩენს, საქართველო ევროპის საბჭოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდეს - მმართველი გუნდის დეპუტატები ამბობენ, რომ დოკუმენტი გაამყარებს ევროკავშირის წევრობის განაცხადს, რომელთან დაკავშირებითაც შევსებულ კითხვარს ხელისუფლება ევროკომისიას 2 მაისს დაუბრუნებს.
საქართველოს შესახებ დებატები სტრასბურგში გუშინ გაიმართა. შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ უნდა გადაწყდეს, გადავა თუ არა საქართველო პოსტმონიტორინგის დიალოგის ქვეყნების სიაში.